“ევროპული საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს, აქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს არ უჭერს.
როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული.
„ინიციატივას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის წინადადებაა, არამედ ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ჯაშმა.
„ევროპული საქართველო“ საკანონდებლო წინადადებით გამოდის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება სავალდებულო იყოს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს. ასევე პროექტში ნათქვამია, რომ სასწავლო გრანტის მინიჭებისას ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო უნდა იყოს.