საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რომელიც მან სპცოალურ ქსელში გაავრცელა, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.
„საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ” – ინფორმაცია და ფოტოეცი მამა ანდრიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.
შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.
ამ თემაზე “მეტრონომს” ექსპერტი მამუკა არაშეძე ესაუბრა