ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა – მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება

მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია   მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური)  ექსპერტიზები.
გამოძიებამ გამოკითხა  არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები).
გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების  უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, გამოძიების ყველა ეტაპზე,  საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია. ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.
ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა.
ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
იტვირთბა....