ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“ნუ გვიშლით ხელს…” – დავით ბერძენიშვილი სოცქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ის აღიარებს ოპოზიციაში ნაცმოძრაობის პრიორიტეტს და აცხადებს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს გრიგოლ ვაშაძის პირველობით მიშისტური და ანტიმიშისტური ყაიდის პოლიტიკური ჯგუფების თუ ამომრჩევლების კონსოლიდაციიისათვის, რაც მომავალში შესაძლოა განმსაზღვრელი ფაქტორი გახდეს ქართული პოლიტიკისათვის.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად (სტილი დაცულია):

“ქოცური თუ ნაცური აკვიატება – “მხოლოდ ბიძინაა თუ გადაგვარჩენს სისხლიანი მიშას მობრუნებისგან”… ან ” მარტო მიშა თუ მოგვაშორებს პუტინის ჩანერგილ ბიძინას”…. ერთნაირი დოზის სიბრიყვეა.
ნაცური და არანაცური ხმების ჯამია ის 800 ათასი ხმა, რაც გრიგოლ ვაშაძეს მისცეს მეორე ტურში… ნახევარზე მეტი ამ ხმებში არამიშისტური, მეტიც- ანტიმიშისტური ხმებია. იმ ხალხის ხმებია, ვინც 2012- ში მიშას ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ბიძინას კოალიცია ” ქართულ ოცნებას” მისცა ხმა… ითვლება ეს ძალიან მარტივად.

ჰოდა, ამიტომაც პრაგმატულადაც მიუღებელია ეს აღვირახსნილი, დაკომპლექსებული ბილწსიტყვაობა. ძალიან გამაღიზიანებელია ასეთი ტექსტები იმ ერთდროულად არამიშისტი /არაბიძინისტებისთვის. სწორედ ეს ხალხი წყვეტს ხელისუფლების ბედს! პირველად არ ვწერ ამ სივრცეში, რომ “ანტიბიძინა” პროდასავლური ხმები მილიონის ფარგლებშია ამ ქვეყანაში. მილიონი ხმა კი არჩევნებს იგებს. ამ მილიონიდან 1/3 – ია მიშას ხმები. მეტი არ არის!!! გადახედეთ არჩევნების სტატისტიკას. ვამბობთ საჯაროდ რესპუბლიკელები, რომ მიშას მხარდამჭერთა გარეშე ვერ დაამარცხებს პროდასავლური ოპოზიცია ბიძინას.

ვაღიარებთ ოპოზიციაში ნაცმოძრაობის პრიორიტეტს… ამასთანავე, ვერც მარტო მიშას (გვარამიას ჩათვლით) ის მხარდამჭერები ვერ უგებენ ბიძინას – ეს ხმები მხოლოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციისათვისაა საკმარისი. ასე ძნელია ამის გაგება? უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს ამჟამად გრიგოლ ვაშაძის პირველობით მიშისტური და ანტიმიშისტური ყაიდის პოლიტიკური ჯგუფების თუ ამომრჩევლების კონსოლიდაციიის… ბიძინას სახიფათო, ანტიპარტიული, ანტიპოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ნუ გვიშლით ხელს! ვაააჰ! 

შეგნებულია თუ შეუგნებელი ეს ხელშეშლა, არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა. საპარლამენტო არჩევნებში შესამჩნევი უპირატესობით გამარჯვების გარდა ვინც სხვა გზას ხედავს და ჯიუტად აგრძელებს ამ მოლიპულ, გარანტირებულად წასაგებ გზაზე სიარულს, ” ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე”… აგერ, მურმან ლებანიძეც კი გამახსენა ამ ვითარებამ. იმ ხუთ ოლქში 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ერთად ვეხმარებით ნაცები და არანაცები ოპოზიციურ კანდიდატებს, მეორე ტურებიც იყოს, შეიძლება… დავიხედოთ ცხვირწინ, აგერ ორი კვირით მაინც.

კონსოლიდაცია გვჭირდება გასამარჯვებლად და არა მორიგი ვიშვიში და არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენება არასაარჩევნო ცვლილების ილუზიისთვის… ხომ გავიარეთ ეს ბევრჯერ. მარტო სულ ბოლოდროინდელ შეცდომებს არ ვგულისხმობ….2009 წლის უზარმაზარი პროტესტის გალევა და კარვებში ” გმირული ” დასასრულიც მახსოვს და 2008 წლის შიმშილობის ნულოვანი, მეტიც – უარყოფითი შედეგიც.

“იმ ოპოზიციას არ გამოუვიდა და ამ ოპოზიციას გამოუვა არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცლილება” ისეთივე სისულელეა, როგორც “იმ ხელისუფლებებს არ გამოუვიდად მეორე ვადის მიწურულს შენარჩუნება პოზიციის, მე კი უფრო ჭკვიანი ვარ და გამომივა”. – წერს სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

იტვირთბა....