პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
„მაქვს საიმისო მიზეზი და არ წავიდე. მე ხუთჯერ ვარ ნამყოფი იმ დასაწყევლ „მოდულის“ შენობაში, სადაც სხედან ჩემი შვილის მკვლელები. მეხუთედ დამკითხეს 10 საათი. ყველა დაკითხვაზე ერთსა და იმავეს მეკითხებიან. უნდათ წყობიდან გამომიყვანონ. უნდათ რომ რაღაც ჩამადენინონ და აქედან გამომდინარე, მე მანდ მიმსვლელი არ ვარ. თუ უნდათ აგერ ვარ, არსად არ გავდივარ, მოვიდნენ და ძალის გამოყენებით წამიყვანონ. ერთი და იგივე შეკითხვები აქვთ თემირლანთან დაკავშირებით. როგორი იყო თემირლანი, რას შვრებოდა, ვის ხვდებოდა, როგორ ჰქონდა მიყენებული ჭრილობა თავზე და ა.შ. ასეთ შეკითხვებს მისვამენ, რომ პირდაპირ მორალურად გამანადგურონ. სუს-ი ერთ-ერთი ყველაზე ნაძირალა დაწესებულებაა მსოფლიოში“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს, რომელშიც ემიგრანტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ვეცდები მთელი ქვეყანა გამოვიყვანო გარეთ და თუ სადმე ძალა მაქვს და ხელი მიმიწვდება ემიგრანტები ჩამოვიყვანო ევროპული ქვეყნებიდან, რათა დავანგრიო ეს სისტემა“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.