ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Perseus Strategies: რუსეთს 236 პოლიტპატიმარი ჰყავს, სიაში ქართველებიც მოხვდნენ

ამერიკული იურიდიული კომპანიის, Perseus Strategies-ს ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, რუსეთს ჰყავს 236 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში.

აღნიშნული ანგარიში რუსეთის უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ მონაწილეობით მომზადდა.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ხშირად იდევნებიან პოლიტიკური აქტივისტები, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და ლგბტ აქტივისტები.

პოლიტპატიმართა სიაში გვხვდება ქართული გვარებიც: ეკატერინა ხარებავა და ინგა თუთისანი, რომლებიც სახელმწიფოს ღალატის და ჯაშუშობის მუხლებით გაასამართლეს.

„ყოფილ პოლიტპატიმარ ეკატერინა ხარებავას 2014 წელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და საქართველოში მეგობართან ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გამო 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გზავნილში უბრალოდ ნათქვამი იყო, რომ მან დაინახა მატარებელი, რომელსაც რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოს მიმართულებით გადაჰქონდა,“-ნათქვამია ანგარიშში.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დააპატიმრეს 2008 წლის ზაფხულში, რუსულ-ქართული ომის დროს ქმედების გამო, როდესაც საკუთარი მობილური ტელეფონებიდან, უბრალოდ, საქართველოში ნაცნობებს უგზავნიდნენ ტექსტურ შეტყობინებებს, რომ ხედავდნენ ჯარების გადაადგილებას. ეს ეხებოდა ხალხს, რომლებიც რუსეთის სამხრეთით, შავი ზღვის პირას, სოჭში, კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდნენ. ბევრ მათგანს ბრალდებებს ომიდან წლების შემდეგ წაუყენეს.

იყო ქალი, რომელიც ომიდან 5 წლის მერე, 2013 წელს დააპატიმრეს. საბედნიეროდ, ეს ხალხი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა დასტურია იმ პარანოიის, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ სახელმწიფო დონეზეა გაშლილი. დღეს პუტინის რუსეთში უფრო მეტი პოლიტიკური და რელიგიური პატიმარია, ვიდრე 70-იანი წლებში, ბრეჟნევის საბჭოთა კავშირში იყო. ეს საშიშია,“-განაცხადა ბორის ნემცოვის ფონდის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კარა მურზამ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” მონაცემებით დღეს რუსეთში 278 პოლიტპატიმარია. ანგარიშში 16 პოტენციური პასუხისმგებელი პირია იდენტიფიცირებული. მათ შორის პრეზიდენტი პუტინი, ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, გენპროკურორი იური ჩაიკა, იუსტიციის მინისტრი კონოვალოვი, ასევე მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.

„ანგარიში დაბეჯითებით მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, სხვა მთავრობებს და ინსტიტუტებს, ყურადღებით განიხილონ ეს 16 საქმე და დაადგინონ ამ პირებისთვის თუ არის შესაბამისი, ფინანსური სანქციების დაწესება და მოგზაურობის აკრძალვა,“-აცხადებს  Perseus Strategies-ის მმართველი დირექტორი, ჯერედ გენსერი.
თარგმანი “რუსთავი2”.

იტვირთბა....