ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სწორედ განათლებითა და კულტურით წარმოგვიდგენია ყველაზე მჭიდრო ინტეგრაცია ევროპასთან” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისა და იმისკენ, რომ დაიძლიოს  საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცენტრის გახსნაში წვლილი შეიტანა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების სფეროს რეფორმასა და დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებასა და კულტურაზე. გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება. განათლება, რომელიც არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და უმოკლესი გზა იმისკენ, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. ამ ეროვნული იდეის მიხედვით, ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მოახდენს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტირებას სწორედ განათლებაში, რომელიც ფაქტობრივად, ბიუჯეტის მეოთხედია. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი განწყობა, სულისკვეთება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, განათლების სისტემის ხუთდონიან რეფორმაში მეცნიერებას განსაკუთრებული როლი აქვს.

„ვფიქრობთ, პოტენციალი, რომელიც არის საქართველოში, ჩვენს მეცნიერებში, ღვაწლმოსილ, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებში ფაქტობრივად ამის 2-3 პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ლიდერი. ბუნებრივია, ეს წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და მხოლოდ იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში. აქედან გამომდინარე ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე, რომ ჩვენ გვერგო პატივი და მეხუთე ჰაბი გაიხსნება სწორედ საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ევროპულ ოჯახში დაბრუნება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის.

„ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მსურს გავიმეორო – არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს არის ცივილიზაციაზე და ფასეულობაზე დაყრდნობილი არჩევანი და დღევანდელი დღე ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ სწორედ განათლებითა და კულტურით წარმოგვიდგენია ყველაზე მჭიდრო ინტეგრაცია ჩვენს საერთო ოჯახთან, ჩვენს ევროპასთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეცნიერების თანამშრომლობის გაღრმავებას.

„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროგრესში. დარწმუნებული ვარ, ცენტრის გახსნა მაქსიმალურად დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი ქართველ და ევროპელ მეცნიერებს შორის. დარწმუნებული ვარ, ამავე დროს, დღევანდელი დღე იქნება დასაბამი ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა.

იტვირთბა....