“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები იბადება.
დეპუტატის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართა და არაა ცნობილი თუ რა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების პოვნასთან გვაქვს საქმე.
“ზოგადად, ჩვენ მივესალმებით, რომ წინასწარი ინტენსივობა არ იყოს გამოყენებული ისეთი ინტენსივობით როგორც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენ შარშან კანონპროექტიც წარვადგინეთ პარლამენტში, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო. ის შემთხვევები გვქონდა განხილული, ევროპის საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც შესაძლებელი იყო წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით. ამიტომ, ერთის მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთი შემთხვევისას ადამიანი არ იყოს დაკავებული და დაველოდოთ სასამართლოს, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საეჭვოა, როდესაც მსგავს შემთხვევაში ყველას მიესჯება აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, ხოლო როდესაც კანონი გამოიყენება შერჩევით, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ხდება ხელისუფლებისთვის დაახლოებული პირებისთვის სასათბურე გარემოებების შექმნა.
ამაზეა სერიოზული ეჭვი. წარმოუდგენელია, სასამართლო პროცესი გაიმართა და პირველი შემთხვევაა, რომ არ ვიცით რა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების პოვნასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, იბადება სერიოზული ეჭვი და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი”, – აღნიშნა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.