ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღირსების მარშის მშვიდობიანად ჩასატარებლად შსს მაქსიმუმს გააკეთებს” – თბილისი პრაიდი

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილილსი პრაიდის გუნდს შორის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თბილისი პრაიდის გუნდის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში “ღირსების მარშის” ორგანიზებასთან დაკავშირებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს.

თბილისი პრაიდის ცნობით, შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და თითოეული გამომსვლელს უსაფრთხოება დაცული იყოს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად, სავარაუდოდ, მაისში გასაჯაროვდება.

“უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა, ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს”, — ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

იტვირთბა....