ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზებზე დამაჯერებელი პასუხები დღემდე არ მოგვისმენია” – ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ შეფასებებს დეპუტატებს აცნობს, განაცხასა რომ ნინო გვენეტაძე იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, დღემდე არ მოუსმენია საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები ნინო გვენეტაძის გადადგომის თაობაზე და ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ მას უშუალოდ ჰქონია კომუნიკაცია ყოფილ მოსამართლესთან, რომელიც ზეწოლაზე საუბრობდა.

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის სრულიად მოულოდნელად, გასული წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე კი არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან – ეს მისი სიტყვებია. სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები გადადგომის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მე პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, შარშან, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რომელსაც თავის მხრივ, ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ სამოსამართლეო უფლებამოსილების ფარგლებში, რაც აფერხებდა მისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე სასამართლო სისტემის რეფორმაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აქამდე გატარებული რეფორმა არასაკმარისი იყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

„საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულ კონფრონტაციაში არიან ერთმანეთთან და არანაირი დიალოგის რესურსი არ არსებობს. ეს ბუნებრივია, ძალიან ცუდია და ისევ სასამართლო სისტემას აზარალებს, რომლის მოვალეობაც და ვალდებულებაც არის აწარმოოს ეფექტური და გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცესები მუდმივი დაძაბულობის პირობებში მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის ყოველდღიურად ხდება დაპირისპირება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....