ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, ხიდების დემონტაჟი ქალაქში 20 ადგილზე მოხდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.

მისი თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

„დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
„დღეს მიმდინარეობს რიგით პირველი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, ვინაიდან მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშ გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს ხანებში გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე სამუშაოები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.
ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა: შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე – დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე – №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე – №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე – №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე – „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

იტვირთბა....