შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კრიმინალური ავტორიტეტი და „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.
პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთ სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.