გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში მისი თანაგუნდელების დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დაძაბული დღის ბოლოს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან ველოდებით ჩვენი თანამებრძოლების განთავისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია აკეთებდეს თავის საქმეს, ებრძოდეს კრიმინალს, იცავდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას, დაკავებულია ჩვენი დევნით და თვალთვალით.
დილიდან ყველა შეხვედრაზე გვვიგზავნიდნენ პროვოკატორებს. ეს აშკარად იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროცესი. სოფელ ნარაზენში პოლიციელებმა მოახდინეს ვითარების პროვოცირება. არც ფორმა ეცვათ, არც პოლიციის მანქანაში ისხდნენ და უთვალთვალებდნენ ჩვენს თანამებრძოლებს. როცა ჩვენმა თანამებრძოლებმა სცადეს გაერკვიათ, ვინ იყვნენ და რა უფლებით უთვალთვალებდნენ მათ , შელაპარაკებისას ჩვენები დააკავეს: გიორგი პატარაია ცოტა ხნის წინ გამოუშვეს, ველოდებით როდის გაანთავისუფლებენ დანარჩენებს: ანი წითლიძეს და მანუჩარ ჩხეტიას”, – წერს რულოვსი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრი მანუჩარ ჩხეტია, ანი წითლიძე და ენმ-ს წევრი გიორგი პატარაია დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პატარაიამ ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.