დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სამ ობიექტზე საცხოვრებელი შენობის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეკეთდა სამი ამორტიზებული ლიფტი და საერთო სარგებლობის კიბე, სამ მისამართზე კი წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.
საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 400 ლარი გამოიყო.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 11 მისამართზე მიმდინარეობს. გორის ქუჩის N31-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-13 და 21-ე კორპუსების დაზიანებული სახურავები იცვლება, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების, ხოლო სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსსა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსში სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ექვს მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვლება, ამორტიზებული ლიფტები კი განახლდება.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – შპს „სითი+“, „ოკრიბა“, საბა+“, „ჯეოლიფტი“, „სატურნი“ და „მისო“ ახორციელებენ.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას მოახმარს.