ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიმიტრი გვრიტიშვილი: ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული კვლევებით

“ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ახლახან გამოქვეყნებული და მსოფლიოში ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „იფსოს ფრანსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თავად აღნიშნა, კვლევის დეტალების მიმოხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული კვლევებით, რომელიც მთლიანად ეფუძნება მისდამი ლოიალურად განწყობილი ფოკუსჯგუფების გამოკითხვას. ეს არის უბადრუკი მცდელობა, რომ გადაიფაროს მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს ფრანსის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ეს ჩემთვის არ არის კვლევა, ეს არის ტენდენციური, მიკერძოებული, მეთოდოლოგია არის აბსოლუტურად გაუგებარი. კითხვარიდანაც ირკვევა, რომ არის მიკერძოებული. ამიტომ მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დეტალურად მიმოვიხილო კვლევის მონაცემები. ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ახლახან გამოქვეყნებული და მსოფლიოში ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „იფსოს ფრანსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა და დასძინა, რომ
ამ საკითხზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილის შეფასებებს „იფსოს ფრანსისა“ და „ენდაის“ მიერ ჩატარებულ კვლევას დაუპირისპირებს.

„ამ ორი კვლევის შედეგად, მოსახლეობის მხოლოდ სამიდან ათ პროცენტამდე არის აქტიურად დაინტერესებული სასამართლოში მიმდინარე მოვლენებით და ეროვნულ სახელმწიფოებრივ პრობლემად სასამართლოს მხოლოდ ეს მცირე ნაწილი მიიჩნევს. საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა პრობლემები და ეს არის თითიდან გამოწოვილი, რასაც ე.წ. არასამთავრობო სექტორი წარმოადგენს პრობლემად სასამართლოში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ მათ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაკარგეს ზეგავლენის ბერკეტები სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება შედგა“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს.

იტვირთბა....