საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე “მეტრონომთან” შრომის უსაფრთხოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო საფუძველი შექმნილია და შრომის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი კანონები მიღებულია.
“საკანონმდებლო საფუძველი შექმნილია, შრომის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი კანონები მიღებულია. უბრალოდ, ახლა ამას ინსტიტუციონალურად გამართვა ჭირდება. შრომის ინსპექცია, რომელიც არ არსებობდა, ნულიდან იწყებს თავის შესაძლებლობების განვითარებას, რათა ეს პროცესი გააკონტროლოს და ჩატაროს პრევენციული სამუშაოები. უპირველ ყოვლისა, ვალდებულება არის კომპანიების, სამშენებლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, რომ შრომით უსაფრთხოების ნორმები დაიცვან. შესაბამისად, სანქციებიც საკმაოდ მკაცრია. მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის კონკრეტული მექანიზმებია შეთავაზებული როგორ უნდა ყავდეთ შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ყველაფერი საუკეთესო რაც შეიძლებოდა სტანდარტის დონეზე – იქნება ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული კონვენციები თუ ევროპის სტანდარტით, ეს გაკეთებულია. ახლა უკვე კანონის აღსრულების თემაა”, – აღნიშნა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე ობიექტზე მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა, შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა. მაშველებმა ერთი დაღუპულის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, მეორე მათგანის ცხედარი კი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად.