დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.
მერმა ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა პარკინგი დაათვალიერა და განაცხადა, რომ პროცესი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
„ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ჩათვლით. გარდა ამისა, აქ მოეწყო პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც 170 ავტომანქანაზეა გათვლილი. ეს არის ყველაზე დიდი პარკინგი ქალაქში. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც შესაბამისადაა გამართული. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცენტრი შეიქმნა, სადაც დაახლოებით, 20 ობიექტზე გვიწევდა მუშაობა. მათგან 13 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველაათგანი ექსპერტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობით აღვადგინეთ, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თითოეული დეტალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული მონაკვეთის გახსნას ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტირებულ არეალში უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება.
„ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ძალიან ხალხმრავალი და ტურისტებით დატვირთულია. ადგილობრივების ქონება უფრო ფასეული გახდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, ახალ ლოკაციაზე გაკეთდება სპეციალური სავაჭრო-საგამოფენო სივრცე ყვავილებით მოვაჭრეთათვის და მოწესრიგდება იქ არსებული სარეკრეაციო სივრცეები. თბილისის ძველ უბანს შეემატება კიდევ ერთი, ტურისტულად აქტიური საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელისა და ხიდის, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები, შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები, მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები.
აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას, რომლის რეაბილიტირებული მონაკვეთი იწყება მუშთაიდის ბაღიდან, დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნამდე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.