დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს და განიხილოს ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც დღევანდელი აქციის მონაწილეებს აწუხებთ.
მისი თქმით, თბილისში, ტაქსებით მომსახურების სფერო აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.
„რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და პირობას გაძლევთ, მოწესრიგდება. ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა, ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან პოლიტიკური პარტია არის აქციის ორგანიზატორი და თავს შევიკავებ კომენტარისგან.
ტაქსის მძღოლებს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და არც ახლა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეეძლოთ მოსვლა და მათ მიერ ყველა დასმულ კითხვას შესაბამისი კომპეტენტური პასუხები გაეცემოდა. კიდევ ერთხელ აიხსნებოდა ის სიკეთეები, რაც შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულებები ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია, საკმარისი დრო არის, რათა შეძლონ ამის მოგვარება და მოწერიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, ჩართულობა, დედაქალაქის მერია მზად არის, შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც აწუხებთ“, – განაცხადა კალაძემ.
დღეს ტაქსის მძღოლებმა მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა გააპროტესტეს.
დღეს დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ.
ტაქსის მძღოლების განცხადებით, რეგულაციებით ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.
ტაქსის მძღოლებმა და “ლეიბორისტული” პარტიის წევრებმა აქცია სადგურის მოედანზე დაიწყეს, შემდეგ კი მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და საპროტესტო იქ გააგრძელეს პროტესტი. აქციაზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის ერთი მძღოლი დააკავეს.