ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი საქართველოს პირველი არხის კონტროლის ქვეშ მოქცევაა” – გვიმრაძე

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ამის მიზანი საქართველოს პირველი არხის დამორჩილება და კონტროლის ქვეშ მოქცევაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელი ჩვენთან ეთერში აცხადებდა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული და იყო ერთი კონკრეტული შეფასება ერთი კონკრეტული სიუჟეტის და ეს არ უნდა გავიგოთ მსგავსი ტიპის ბრალდებად, ფაქტია, რომ ის ატაცებულია ამ ტიპის ბრალდების წამოსაყენებლად და აღდგა გზავნილი – რატომ ვაფინანსებთ საქართველოს პირველ არხს, როდესაც ასეთ საქმიანობას ეწევა“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, ავტორიტეტული ორგანიზაციის იურისტი აკეთებს ყველაფერ ამას, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ესმის მისი სიტყვის ძალა.

„ეს ძალიან სამწუხაროა და რეალობად უნდა მივიჩნიოთ, რომ მიზანმიმართულია. სხვანაირად ამის აღქმა უკვე შეუძლებელია. ამ კამპანიის მიზანია საქართველოს პირველი არხის მოქცევა მათი კონტროლის ქვეშ. მათ ძალიან სერიოზული სურვილი აქვთ, საქართველოს პირველი არხი ექვემდებარებოდეს და ემორჩილებოდეს მათ დღის წესრიგს, რასაც ისინი შესთავაზებენ საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის მცდელობა, დაზარალდეს საქართველოს პირველი არხის იმიჯი.

„კონტროლის მექანიზმები მათ არ აქვთ, ვერც ექნებათ. ეს არის მცდელობა, საქართველოს პირველი არხის იმიჯი იყოს დაზარალებული ისევ და ისევ იმაზე აპელირებით, რომ საქართველოს პირველი არხის პოზიცია არის კრემლიდან ნაკარნახევი და ის არ იმსახურებს საზოგადოების დაფინანსებას“, – აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) . კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია 19 მარტს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

იტვირთბა....