ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ანაკლიის პროექტზე ბანკების მოთხოვნებს დავთანხმდებით, სახელმწიფოს სესხის სრულად უზრუნველყოფა მოუწევს” – ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის დასაფინანსებლად, საერთაშორისო ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.

მისი თქმით, საფინანსო ინსტიტუტების რვა მოთხოვნიდან ერთ-ერთი პორტთან დამაკავშირებელ გზას, ასევე რკინიგზას ეხება.

„ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება პორტთან დამაკავშირებელ გზას და რკინიგზას. ამ ნაწილში ბანკების მოთხოვნაა, რომ სამუშაოები, განსახლება და ყველა პროცესი, წარიმართოს დონორების წესების შესაბამისად, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ გზა და რკინიგზა უნდა ავაშენოთ სახელმწიფო დაფინანსებით, რაც გვიხსნის დონორების პროცედურების დაცვის ვალდებულებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებული სამუშაოების გრაფიკი ამას არ ითვალისწინებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მეოთხე მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულებას ეხება.

„ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მაშინ, როცა მთავრობა სესხის უზრუნველყოფის გარანტია და პარალელურად, სესხის შეთანხმების ნაწილში, ასეთი შეზღუდვები შემოდის, ცოტა გაუგებარია, თუმცა ამ თემაზეც ვაგრძელებთ მოლაპარაკებას” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბანკების მხრიდან არის დასახელებული, ხელშეკრულების შეწყვეტა და ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში კომპენსაციის რეჟიმია.

„ეს ეხება უშუალოდ მთელი სესხის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც თუ ხელშეკრულება წყდება, მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ინვესტორის მიზეზით, პორტი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, იწყება ხელახლა ინვესტორის მოძიება და ის ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორს აქვს აღებული ბანკების წინაშე, გადადის სხვა ინვესტორზე. ამ ეტაპზე, ბანკების მოთხოვნაა, სესხების გარანტი იყოს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება გაწყდება სახელმწიფოს ბრალით, 400 მილიონი სესხის დაფარვა მოხდეს დაუყოვნებლივ სახელმწიფოს მიერ, ხოლო თუ ინვესტორის გამო მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა, სახელმწიფომ ეს სესხი სრულად აუნაზღაუროს ბანკებს ოთხი წლის განმავლობაში,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, თუ მთავრობა ამ ცვლილებებზე დათანხმდება, სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება და პრაქტიკულად, სესხის სრულად უზრუნველყოფა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ბანკების რვა პუნქტიანი მოთხოვნის პირველი პუნქტი პორტის განვითარების ფაზებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ვიცე-პრემიერის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილს უსმენდნენ.

იტვირთბა....