ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილმა შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, რომ სააკაშვილს არ უშვებს ქვეყანაში” – დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოლიგარქმა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს არ უშვებს ქვეყანაში.

ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდა.

„ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს, შემქმნელს, მიხეილ სააკაშვილს არ უშვებს ქვეყანაში, დააპატიმრა ყველა პოლიტიკური ლიდერი და რეალურად, ასე ცდილობს, რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძისთვის პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მისაღებია, რადგან მისი შეფასებით, ვაშაძემ წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია ჩაატარა.

“ამ ვითარებაში პარტიის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. მათ შორის, თავმჯდომარის არჩევა იმ კუთხით, რომ გრიგოლ ვაშაძემ ჩაატარა ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია და მიუხედავად გაყალბებისა და კრიმინალის მობილიზაციის, ადმინისტრაციული რესურსის ჩართვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლო დაახლოებით, მილიონ ხმამდე მობილიზება.

ასევე ადამიანების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ამ კუთხით ფუნქციონალურად თავმჯდომარის არჩევაც არის წინგადადგმული ნაბიჯი პარტიის განახლებასა და ფუნქციურად განვითარებაში,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

იტვირთბა....