პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას ჩქარობენ, რადგან პროექტი ჩააგდონ,
„არასდროს შაბათს სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა აქ არის მეორე ძალიან მზაკვრული გეგმა და რისი მონაწილეც არ ვიქნებოდი, რა თქმა უნდა, მე. ესენი რომ მოიფიქრებენ, ის მე კარგა ხნის წინ მაქვს ნანახი და გავლილი. ძალიან სწრაფად უნდოდათ მოშორება ამ კანონპროექტის, რომ ამ კვირაში ორივე პროექტი უცბად გამოეტანათ, ჩვენი პროექტი ჩააგდონ, მოიშორონ თავიდან თავის ტკივილი და ამიტომ დანიშნეს შაბათს.
რატომ დანიშნა მეოთხე დღეს, რადგან კიდევ ხუთი კვირაა საკითხის განსახილველად. სად ეჩქარებოდა ოხანაშვილს? უთხრეს, რომ ჩქარა უნდა მოიშოროს ბესელიას და კიდევ 12 დეპუტატის კანონპროექტი, რომელიც თავის ტკივილია? ეს თავის ტკივილი ცოტა დიდხანს გაუგრძელდებათ“,- განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.