“რიგში ჩადგნენ არასამთავრობოები (განსაკუთრებით – ეკა გიგაური და გიორგი მშვენიერაძე) და მათი მეგობარები, რუპორები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომ მორიგ ჯერზე შეაყარონ თვალში ნაცარი საზოგადოებას, თითქოს ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გავაკრიტიკეთ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, საუბარია დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე გამოთქმულ მოსაზრებებზე.
“ვინც კარგად მოგვისმინა გუშინ, ძალიან ადვილად მიხვდებოდა ჩვენი კრიტიკის ადრესატს.
ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ ანგარიში ძირითადად ეფუძნება ქართული ,,ობიექტური“, ,,მიუკერძოებელი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ,,კვლევებს“ და ,,ანგარიშებს“.
ანუ, დეპარტამენტი პრობლემად აღიქვამს თავად იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო სექტორი საუბრობს სისტემური პრობლემების არსებობაზე სასამართლოში.
ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – აშშ-ის სამთავრობო უწყების სტატუსს და მადლიერებით ვაფასებთ აშშ-ის როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების დაცვის უწყვეტ პროცესში.
თუმცა, ეს არ გვიკრძალავს – აზრი გამოვთქვათ ანგარიშში ასახული ინფორმაციის წყაროზე; და ეს არავინ უნდა აღიქვას შეურაცხყოფად, რადგან აზრის გამოხატვის თავისუფლება სწორედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა.
და ჩვენ შევაფასეთ სწორედ ეს წყარო – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც აბსოლუტურად პოლიტიზირებული და საკუთარ მანდატს გაცდენილი, მიკერძოებული სუბიექტები.
უკვე თვალშისაცემია, რომ სწორედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ კლანური პრინციპით: აბა ბოლოს როდის გახსოვთ, რომ მათგან რომელიმე ორგანიზაციამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა? ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ ქართული არასამთვრობო სექტორი ფაქტობრივად წარმოდგენილია რამდენიმე ადამიანით, რომლებიც ყოველთვის ერთ აზრზე არიან და ერთ ხმაში საუბრობენ.
მეტიც: მათი ლექსიკა ერთი-ერთში ემთხვევა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლექსიკას!
ეს არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ყოველგვარ დადებით დინამიკას ჩქმალავენ; უგულებელყოფენ მსოფლიოში მე-3 ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია „Ipsos France“-ის კვლევას და, სამაგიეროდ, უდავო მტკიცებულებით ძალას და კვლევის სტატუსს ანიჭებენ კაპიტანი გიგაურის მიერ დაქირავებული ოლიკო შერმადინის მიერ შედგენილი ჭორების კრებულს ვითომდა კორუფციის არსებობის თაობაზე, რომელიც 7 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება;ამ 7-დან 5 ადამიანი ინკოგნიტოა და განაწყენებული სასამართლოს დღევანდელი მენეჯმენტის მიმართ!
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ სასამართლო კორპუსის – 300-მდე მოსამართლის ნებას, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გვიწოდებენ „კლანს“, რადგან ამ კორპუსმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად გადმოგვცა წარმომადგენლობის მანდატი 2017 წელს! და როცა მოსამართლეებმა 2019 წლის 26 იანვრის კონფერენციაზე კვლავ დაგვიდასტურეს ამ მანდატის ლეგიტიმაცია, სულ ,,კომუნისტები“ ეძახეს მოქმედ მოსამართლეებს ჯანეზაშვილმა და მისმა მეგობარმა არასამთავრობოებმა!
და რაღა გასაკვირია, რომ ჩვენ გავაკრიტიკოთ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები და არ ვირწმუნოთ მათ მიერ გაცემული ინფორმაციის სისწორე?
ამიტომ, არასამთავრობოების და ჯანეზაშვილ-დოლიძის დღევანდელი გამოხდომებიც არის უსინდისო პროვოკაცია, მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე შუღლი ჩამოაგდონ აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს მოსამართლეებს შორის!
ვერ ეღირსებიან! ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან”. – წერს გვრიტიშვილი.