თუკი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს, გამოდის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე იქნება ნატოს და რუსეთის სამხედრო ბაზები, რაც ქვეყნისთვის კატასტროფულია – ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „სპუტნიკთან“ გააკეთა.
„ახლა ჩვენ დილემის წინაშე ვართ: თუკი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს, გამოდის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე იქნება ნატოს და რუსეთის სამხედრო ბაზები, რაც ქვეყნისთვის კატასტროფულია. არ მინდა ჩემი პატარა ქვეყანა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის საჯილდაო ქვად იქცეს. რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას: ჯანსაღი აზრი მკარნახობს, რომ მეზობლებთან უნდა იმეგობრო, მით უფრო, ბირთვულ სახელმწიფოსთან. ეს არის გარანტია იმისა, რომ 2008 წლის ტრაგედია აღარ გამეორდება. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც – რუსული ბაზარი მიმზიდველია ჩვენთვის, ქართული პროდუქცია კი, ამ დრომდე იწვევს რუსებში სასიამოვნო მოგონებებს. ამგვარად, რუსეთთან მეგობრობით, საქართველო იქნება დაწყნარებული, სტაბილური და საშუალება მოგვეცემა აფხაზებსა და ოსებს პირდაპირ ვესაუბროთ“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
ამავე ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი თანდათანობით იცვლება იმ მიმართულებით, რომ საჭიროა დიალოგი ორ ქვერყანას შორის.
„არ ვიქნები თავმდაბალი აღვნიშნავ, რომ ამაში ჩემი დამსახურებაც არის. არ შემშინებია „გამყიდველის“ იარლიყის, როდესაც 2008 წლის შემდეგ რუსეთში გავემგზავრე მოლაპარაკებებისთვის… დიალოგი ერთადერთი მშვიდობიანი გზაა პრობლემის მოსაგვარებლად, მეორე – ეს არის ომი. „ქართული ოცნება“ რომ შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამას აღფრთოვანებით შეხვდებოდა. სამწუხაროდ, მთელი ქართული ელიტა მხოლოდ დასავლეთის საელჩოებისკენ იყურება“, – აცხადებს ბურჯანაძე.