საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ დაკავების პროცესში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი დადგა ან თუ დადასტურდება, რომ რაიმე სახით არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება.
როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, რაც ძალიან მძიმე ფაქტი და ტრაგედიაა.
„გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, რაც ძალიან მძიმე ფაქტია, ეს ტრაგედიაა და ოჯახს ვუსამძიმრებ. ასეთი რამე პირველად არ ხდება, თუმცა კონკრეტულად მტკიცებით ფორმაში რაღაცის თქმა მიჭირს, რადგან ბევრი რამ გასარკვევია. როგორც იცით, ინფორმაცია არსებობს, რომ დაკავებული ჰყავდათ და მისი გარდაცვალება ამ პირობებში მოხდა. აუცილებელია, ყველა გარემოება და ყველა ფაქტი დადგინდეს. თუ დადასტურდება, რომ დაკავების პროცესში მისი გარდაცვალების ფაქტი დადგა, ან თუ დადასტურდება, რომ რაიმე სახით არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაღაც მოქმედებების ჩატარება გვიჭირს, საერთაშორისო პარტნიორების იმედად ვართ. პარტნიორები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რათა დაგვეხმარონ. პირველ რიგში იმისთვის, რომ მისი ცხედრის გადმოცემა დროულად მოხდეს და შემდეგ ყველა შესაბამისი ზომა უნდა იყოს მიღებული. ევროპარლამენტმა მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ძალიან მკვეთრი ტექსტია მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფასებს ევროკავშირი თავისი ურთიერთობის მომავალს რუსეთთან. ის ამბობს, რომ არ შეიძლება, რუსეთი განიხილოს სტრატეგიულ პარტნიორად სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო წესრიგს, ნორმებსა და ამ კონტექსტში ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მოიხსენიებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმდინარე დარღვევას, ოკუპაციას და რუსეთს მოუწოდებს, საერთაშორისო წესრიგს დაემორჩილოს. ეს მოწოდებები რამდენად განხორციელდება, მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნება მხილებული, უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა ხულორდავამ.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.