“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ის ადამიანები, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგებოდნენ. დეპუტატებმა, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, დარბაზი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე პირველად 12 თებერვალსაც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.