ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ არსებობს უმუშევარი ქალი – დღეს სარვამარტო მსვლელობა გაიმართება

8 მარტის 16: 00 საათზე, სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, მსვლელობა გაიმართება. რუსთაველის მეტროსთან შეკრებილები მანიფესტს “არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი” წაიკითხავენ.
მანიფესტს მხარს უჭერს და მსვლელობას უერთდებიან:

Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
(Ertoba2013) ერთობა 2013 – თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი;
საინიციატივო ჯგუფი – სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის;
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები; (ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens);

მანიფესტი: 

 

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი

______________________________________________________

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა.

კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესალებლობა იქნება გარკვეული დროის განმავლობაში.

ჩვენ ნერვებს და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა გავგიფუჭდება, ხელით ვრეცხავთ; როცა ავად გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის მაგივრად დამატებით ჟაკეტს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს დახეულ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაო ადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი.

დეკრეტი

ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ აღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს.

ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას!

ბაღები

რაც შეეხება საჯარო ბაღებს, მასწალებლებს უწევთ იმაზე მეტი ბავშვის მოვლა ვიდრე ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას.

ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა.

ჩვენ ვითხოვთ რომ დეკრეტული შვებულება გახდეს ორ წლიანი და საჯარო ბაგა-ბაღები არსებობდეს 6 თვიდან ორ წლამდე.

გარემო

ოჯახი თავისთავად ვალდებულია თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და შეუქმნას მას შესაფერისი გარემო, თუმცა ამასთანავე ვალდებულია საზოგადოებაც და სახელმწიფოც.

ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ხალხისთვის და დედებისთვის, რომლთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება.ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო.

ჩვენი, ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემას და მისი ხარისხის ამაღლებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას. ჩვენ ვითხოვთ ამ მაგალითზე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სიკეთის გაუმჯობესებას!

ჩვენ გამოვდივართ უკეთესი საჯარო ტრანსპორტის მოთხოვნით. ჩვენ გვიჭირს გადაადგილება სამუშაო ადგილამდე, სახლამდე, საავადმყოფომდე და სხვა დანიშნულების პუნქტებამდე. ავტობუსები, “მარშუტკები” და მეტრო გადაჭედილია; ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იშვიათად ან საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ტრანსპორტიდან გადმოსულს გვხვდება დანგრეული ქუჩები, ორმოებით და მანქანებით სავსე ტროტუარები, სადაც თუ ფრთხილად არ ვიარეთ და ზემოთაც არ ვიყურეთ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შენობიდან ჩამონგრეულმა ნაწილმა გვიმსხვერპლოს. ქალაქში ყოველდღიური გასვლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკია.

საბინაო პოლიტიკა

სახლებში დაბრუნებულებს გვხვდება ჩვენი დიდი ოჯახები. რადგან ძირითადად ერთ სახლში მრავალი სული ცხოვრობს, ჩვენ იშვიათად გვაქვს ჩვენი ადგილი. თავად შენობები ავარიულია, ხშირად ლიფტი არ მუშაობს, ან ფუჭდება, სადარბაზოებში კედლებიც ნელ-ნელა ინგრევა, შიდა ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაურემონტებელია. შეიძლება ჩვენს სახლში წესრიგში იყოს გაყვანილობა და სისტემები, თუმცა თავად კომუნალურების ინფრასტრუქტურაა გაუმართავი. ახალ ამბებში ხშირად ვიგებთ გაზის გაჟონვის ან შენობების აფეთქებების შესახებ ინფორმაციას.

სახელმწიფოს მოვალეობაა უსაფრთხო და გამართული გაზისა თუ სხვა საჭიროებების მიწოდებაზე კონტროლი. კომუნალური გადასახადები იზრდება მაშინ როდესაც ჩვენი შემოსავალი მცირდება; მცირდება ასევე ჩვენი უსაფრთხოების განცდა.

სახელმწიფომ ასეთი საჯარო სიკეთეები ხარისხიან საცხოვრებელთან ერთად უნდა უზრუნველყოს. ჩვენ გამოვდივართ 8 მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის მსაწესრიგებლად. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას, რომელიც ყველას ღირსეული საცხვორებელით უზრუნველყოფს!

სუფთა ეკოლოგია

ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია! მშენებლობებისა და ტრანსპორტის მატებას ქალაქის ხეებიც ვერ უმკლავდება. გარეთ გასვლა შეუძლებელია. ქალაქში არ არის საკმარისი პარკები და რეკრეაციული ზონები. მთავრობას ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაცვლად, ურჩევნია ბიზნესსა და სწრაფ მოგებაზე იფიქროს. სწრაფი განვითარება კი ნიშნავს – ეს არის მოსახლეობის 1%-ის გამდიდრება, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში უკეთესი ჰაერისთვის, გარემოსთვის. ჩვენ კი ვრჩებით დაბინძურებულ ქვეყანაში, ვყრუვდებით მშენებლობის ხმაურით და დანევროზებულები აგრესიას ერთმანეთისადმი გამოვხატავთ.

ჩვენ ვითხოვთ სუფთა საკვებს. უცხოეთიდან შემოდის იაფი და დაბალხარისხიანი საკვები, რომელსაც ადგილობრივი პროდუქტი, ფერმერის მოყვანილი, კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად ჩვენი ჯანსაღი საკვები ძირითადად ექსპორტზე გადის სხვებისთვის. ექსპორტზე ორიენტირებულმა ბაზარმა, შიდა მოთხოვნები ჩაკლა, რადგან ჩვენ არ ვართ გადახდისუნარიანი “მომხმარებლები.”

ბავშვები

ჩვენ 8 მარტს ბავშვებისთვის გამოვდივართ. სახელმწიფომ ბავშვები პრიორიტეტად უნდა დააყენოს. უნდა შექმნას სპეციალური პროგრამები ბავშვთა კვებაზე, საცხოვრებელსა და ტანსაცმელზე. ჩვენს შვილებს სჭირდებათ საბავშვო კულტურის განვითარება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების მაგივრად სხვა რამით გაერთონ. ჩვენ გვჭირდება ხელი შევუწყოთ მათ თვითგამოხატვას, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და პროდუქტს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქტებზე (სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები, სასკოლო ნივთები) შემოწმების მაღალი სტანდარტების დაწესება.

პენსია

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ღირსეული პენსიისთვის. ერთადერთი გონივრული კანონი ქვეყანაში ქალთა საპენსიო ასაკზე გვაქვს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საბაზისო პენსია!

ჩვენ ვითხოვთ, საშინაო შრომა და თვითდასაქმებულთა შრომა (საოჯახო მეურნეობა, მიწის ნაკვეთის ქონა) აუცილებლად ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებაში.

ჯანდაცვა

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის! ექთნები, რომლებიც ძირითადად არიან ქალები, უდიდესი დატვირთვის ფონზე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა. ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ჰიგიენური, რეპროდუქციული და ბიო-ფსიქოლოგიური საჭიროებების შესახებ განათლების აუცილებლობა უგულვებელყოფილია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე და საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობას. ჩვენ ვითხოვთ სკოლებში შესაბამისი განათლების ოპტიმიზაციას.

ჩვენ ვითხოვთ გახდეს პრიორიტეტული პრევენციული მკურნალობა, გაკეთდეს მეტი აქცენტი სხვადასხვა სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც ქალთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. შეიქმნას ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გახდის ხელმისაწვდომს ყველა ქალისთვის.

ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებადი ბიულეტინი არამხოლოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისთვისაც გაიცეს, რადგან უმეტესად ქალები უვლიან ბავშვებს და ქრონიკულად/დროებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს.

ქალები რეგიონში

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ხშირად ტონობით წყალს ეზიდებიან ჭიდან ან სოფლის წყაროდან სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად თუ სარეცხისთვის. ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას, რადგან კაცები მხოლოდ სტუმრები არიან სახლში!

კულტურა და ხელოვნება

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ქალებისთვის, რომელთაც არანაირი ხელმისაწვდომობა არ აქვთ თეატრზე, კინოზე, გამოფენებსა თუ კონცერტებზე და რომლებმაც სამუდამოდ დაივიწყეს, რომ სულსაც ისევე სჭირდება საზრდო, როგორც სხეულს. ქვეყანაში სადაც კულტურის ხელშეწყობა დაყვანილია ახალი წლის კონცერტების დაფინანსებაზე, ხოლო ხელოვნების განვითარება აღქმულია როგორც ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკებისთვის ვარსკვლავის გახსნა, არ ტოვებს იმედს, რომ პოლიტიკა ოდესმე მოიცავს და დაინახავს უბრალო ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დღეს სხვა მრავალ უფლებასთან ერთად ქალებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ ნიჭი ან მინიმალური სიამოვნების მიღების ნება დართონ საკუთარ თავს. ქვეყანაში აღარ არსებობს მუნიციპალური კინო-თეატრები, მათ ადგილას ან სასტუმრო შენდება ან კაზინოებია მოწყობილი, რეგიონებში არ ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები და ყოველივე ამის ფონზე ქალებს გვრჩება მხოლოდ ოცნება, რომ TBC სტატუს კლიენტებისთვის ჩამოყვანილი მეგა ვარკსვლავის კონცერტზე ოდესმე შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ.

მასმედია

ჩვენ ვითხოვთ, მედიამ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს მას დღევანდელ საქართველოში, სადაც საზოგადოება სტრესის ქვეშაა ქვეყანაში არსებული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო. მედია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების აზრს უნდა გამოხატავდეს და აჟღერებდეს მას არა მხოლოდ ქვეყნის ფართო მასებსა და სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შეუფასებელია მასმედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ჩართულნი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მედია მათთვის წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ, დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და გარესამყაროსთან და იცავს მათ ინფორმაციული ვაკუუმისგან.

მარტოხელა დედა

ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისთვის, და ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი პოლიტიკის შემუშავებასა და მხარდაჭერას. დასაქმების ხელშეწყობას, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, არამხოლოდ ერთჯერადად არამედ გარკვეული პერიოდის ინტერვალებით. უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა დედებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ჩვენ ვითხოვთ დიდ ქალაქებში მუნიციპალური საცხოვრებლის პროგრამების შემუშავებას! მარტოხლა დედებისთვის უნდა შემუშავდეს გარკვეული საკანონმდებლო უზრუნველყოფნა, რომლის შესაბამისად მათთვის გარანტირებული იქნება ისეთი პრივილეგიები როგორიცაა: დრეკადი სამუშაო განრიგი (ბავშვის ან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე), ნახევარ განაკვეთზე მუშაობის საშუალება, ხანგრძლივი სადეკრეტო შვებულება (ხელფასის და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით), მარტოხელობის სტატუსის გამო სამსახურში დაქირავების დროს დისკრიმინაციისგან დაცვა, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, მათი შვილების ბაგა-გაღებით და უფასო მკურნალობით უზრუნველყოფა, შემუშავდეს ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამები და ა.შ.

——————————————————————————————-
8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა.

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!

მანიფესტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/2TVMb6v

იტვირთბა....