“გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიას, სოციალურ ქსელში თემურ ჭყონიას განცხადებას ეხმაურება და წერილით მიმართავს.
ხვიჩიას თქმით ცუდი არ არის, რომ თემურ ჭყონია გაბრაზდა.
“წერილი თემურ ჭყონიას.
ბატონი თემური გაგვიბრაზებია და საერთოდ არაა ცუდი, რომ გაბრაზდა, გასაბრაზებელი რამ ვაკადრეთ და უნდა გაბრაზებულიყო კიდეც.
ეს განასხვავებს მას სხვებისგან, რომლებიც არ ბრაზდებიან მაშინაც კი, როცა უნდა გაბრაზდნენ.
ბატონი თემური დაუფასებლობაში გვდებს ბრალს და გაჩუმებას გვირჩევს.
მე კიდევ სულ მინდოდა ამ კაცზე და მისი ცხოვრების საქმეზე საუბარი და სულ მეშინოდა არაადეკვატურად არ გამომსვლოდა, ახლა ვცდი.
ბიუჯეტში რამდენი აქვს გადახდილი ჩემთვის მეორეხარისხოვანია (თუმცა მესმის რასაც ამბობს).
რის გამოც ნამდვილად ვაფასებ არის ის, რომ ეს კაცი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე მაგარი სასმელის და ყველაზე მაგარი რესტორნის შემქმნელია ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ ბნელ 90-იან წლებში.
ყველა ჩემმა ახლო მეგობარმა იცის, რომ ის ყოველდღიურად მამარაგებს ორი ისეთი პროდუქტით, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ბევრად უფერული იქნებოდა.
მე ვიცი ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელიც მის რესტორანში ხდება, პირველივე დღეს ვსინჯავ ნებისმიერ ახალ პროდუქტს, რომელსაც მაკდონალდსი და კოკა კოლა მთავაზობს.
ოდესღაც ვეგეტარიანელობაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მივხვდი შეუძლებელი ამოცანა იქნებოდა უარის თქმა ორმაგ ჩიზბურგერზე (და ხინკალზე).
რაც მთავარია, მე ზუსტად მესმის ამ ადამიანის რამხელა შრომა და ძალისხმევა დგას ამის უკან.
ჩემთვის მისი ბიზნესი, ხალხთა ექსპლოატაციის და ჩაგვრის წყარო კი არაა, როგორც სულელებს ჰგონიათ, არამედ ადამიანთა გადარჩენის და მინიმალური შემოსავლის მოპოვების ყველაზე იოლი გზა.
ყოველთვის ზუსტად ვიცი, ყველა გზა რო გადაეკეტოს ადამიანს არსებობის, მაკდონალდსს აუცილებლად ექნება ვაკანსია იმ ხალხისთვის ვისაც მუშაობა ნამდვილად უნდა.
ვიცი ისიც, თუ როგორ უყვარს თავის ,,შვილები” და როგორ ამაყობს იმით რაც გააკეთა.
(ნამდვილად საამაყოა)
ამიტომ არის სასაცილო ჩემთვის დაუფასებლობის ბრალდებები და არ შევყვები.
თუმცა მაინტერესებს რა იქნება ჩემგან სწორი საქციელი, თუ ერთ დღეს გავიგებ, რომ ამ ყველაფერს უსამართლოდ საფრთხე ემუქრება მთავრობისგან?
რა რეკომენდაცია აქვს ასეთ დროს ბატონ თემურს, მისი აზრით რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს მორალურმა ადამიანმა?
თბს ბანკის -ს საქმე გარდა იმისა, რომ მთავარი პოლიტიკური ამბავია ქვეყანაში და პოლიტიკოსი თუ გქვია გევალება ამ ამბავს სათანადო ყურადღება მიაქციო, ჩემთვის პირადი ამბავიცაა.
ისევე როგორც კოკა კოლა და მაკდონალდსი, თიბისი ბანკიც ჩემი ფავორიტი ბრენდია.
ბუნებრივად მოხდა ისე, რომ მთელი ცხოვრება სხვა ბანკში ვიღებდი ხელფასს და ფულს ვსესხულობდი თიბისისგან, ასე მოხდა ბუნებრივად.
მათ მასესხეს ფული როცა სახლს ვაშენებდი, ანუ მათი დამსახურებაცაა რომ ჭერი მაქვს.
და ვერასოდეს გავიგებ იმ ადამიანებისას, ვისაც ეს პატივისცემად და სამადლობელ საქმედ არ მიაჩნიათ.
საშიშია ასეთი ხალხი.
ამ ბანკის დაცვა დაგვიწუნა ბატონმა თემურმა, თქვა რომ არაფერი გაგვიკეთებია არც ერთ სფეროში (მიუხედავად იმისა რომ არ გვიცნობს და შესაბამისად, არასწორი წარმოდგენა აქვს ,,გირჩზე“).
მაგრამ არაფერი არ თქვა იმ მთავარზე, რის გამოც გავაკრიტიკეთ.
– სწორად ექცევიან თუ არა თიბისი ბანკს?
ჩვენი კრიტიკა ხომ სწორედ ამას შეეხებოდა და არა იმას ვის რამდენი შეაქვს ბიუჯეტში ან ვის რა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.
რამდენიც არ უნდა შეიტანოს ბიუჯეტში ბატონმა თემურმა, ამას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.
რადგან ეს ამბავი ბიუჯეტის შევსებას კი არა ადამიანურ სოლიდარობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება.
ჩვენი აზრით კი, არავის არ მოეთხოვება იმდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რამდენიც კოკა – კოლას.
ასეთია ჩვენი დამოკიდებულება და ამიტომ ვბედავთ იმას რასაც ვბედავთ, მართლები ვართ.
პატივისცემით
იაგო ხვიჩია.” – წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ბოლო პერიოდში კერძო სექტორის მიმართ შეურაცხყოფის ტალღა წამოვიდა. ზურა ჯაფარიძე კი ბიზნესმენებს ცეხავიკებად და წითელ დირექტორებად მოიხსენიებს.