საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა, რომ პედაგოგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება.
მისი თქმით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
„ეს ნიშნავს, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები იქნება და მომავალი თაობის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა საჭირო აღარ გახდება.
„ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპრეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა, პრივილეგია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ისეთი პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება, სადაც ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს დაეუფლებიან, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში დასაქმდებიან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამას განაპირობებს განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა. მისი თქმით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.