ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორგი ქობულია: კერძო სექტორს უჭირს ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კერძო სექტორს უჭირს ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული “თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ პროცესებთან.

მინისტრის განცხადებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს.

„რადგან ვთვლით, რომ გვინდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ კერძო სექტორზე დაფუძნებით, გადავდგით ნაბიჯი და შევქმენით შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის, რომ შეესრულებინათ ეს პროექტი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება და ამ საქმეში კერძო სექტორის როლი დღესდღეობით, არის უფრო ორგანიზაციული.

ამ პროექტში ფულს აბანდებს ოთხი მნიშვნელოვანი და დიდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ეს არის რამდენიმე ინვესტორი და კონსორციუმი, სადაც დიდ როლს თამაშობს ბიზნესსექტორი, მაგრამ თვითონ ამ პროექტის ორგანიზატორების შენატანი ამაში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ანუ ზოგადად კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა. ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომელიც „თიბისი ბანკის“ გარშემოა.

რა თქმა უნდა, ის ნეგატიური ფონი, რაც შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობის საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რათა პროექტი დაძრან. საკუთარი კაპიტალის შეგროვება, საუბარია 100 მილიონ ლარზე, ამ სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული იყო. პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და მათი შეგროვება რთული იყო რამდენიმე ხნის განმავლობაში.

შეიძლება განსაზღვრული ტენდერები ჩაიშალა, მაგრამ ეს ტაქტიკური ამოცანაა. ძირითადი არის ის, რომ ჩვენ დავიწყებთ ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც კი მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდება და როგორც კი მივიღებთ საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხმობას დაფინანსებაზე. ვადები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე გადავწიეთ, ექვსი თვით.

თავდაპირველად, ამ ხელშეკრულებაში არ იყო საუბარი სახელმწიფო ტვირთებზე, სახელმწიფო გარანტიებზე, დღესდღეობით შეიქმნა კითხვა: შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, მისცეს გარანტია ტვირთებზე ამ პორტში, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუყურებთ ამ წინადადებას. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტორი. ისევ ვიმეორებ, ჩვენ წავედით ამ ნაბიჯზე იმიტომ, რომ გვინდა ჩვენი ეკონომიკა იყოს კერძო სექტორზე დაფუძნებული. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გააზრებული სვლა და ჩვენ ვიცოდით, რომ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა განსაზღვრული პრობლემები, რადგან კერძო სექტორს უჭირს ასეთი დაფინანსების მოპოვება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

იტვირთბა....