“ნეტფლიქსი” კოლუმბიელი, ნობელიანტი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანის “მარტოობის ასი წელიწადის” მიხედვით სერიალს გადაიღებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მარკესის ოჯახი დათანხმდა მისი ნაწარმოების ეკრანიზაციაზე.
სერიალის პროდიუსერი მწერლის ვაჟი, როდრიგო გარსია იქნება. მისი თქმით, მამამისს არაერთხელ მიუღია შეთავაზება რომანის ეკრანიზაციის შესახებ, თუმცა, ის არავის თანხმდებოდა.
“მამა ფიქრობდა, რომ „მარტოობის ასი წელი“ არ იყო ერთ ან ორ ფილმში მოსაქცევი ამბავი, ასევე, რთული იქნებოდა მისი სცენარად გადაკეთება და თარგმნა…
“ნეტფლიქსი” პირველი იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ხალხს ახლა იმაზე მეტად სურს სუბტიტრებთან ერთად უცხოური ფილმების ყურება, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა მარკესის შვილმა.
მისი თქმით, მწერალს სურდა “მარტოობის ასი წელიწადის” ეკრანიზაციიის გადაღების შემთხვევაში, ის ესპანურ ენაზე ყოფილიყო გადაღებული.
როგორც “ნეტლიფქსის” წამომადგენლები აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც Narcos და Roma გადაიღეს, ხალხმა დაინახა რომ მათ ესპანურენოვანი პროდუქტის შექმნა შეუძლიათ.
გაბრიელ გარსია მარკესის მაგიური რეალიზმის ჟანრის დაწერილი “მარტოობის ასი წელიწადი” 1967 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, 46 ენაზე ითარგმნა. ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ფიქციურ ქალაქ მაკონდოში, რომლის ინსპირაციაც მარკესის სამშობლო, “ჩრდილოეთ კოლუმბია” იყო.
მწერალი 87 წლის ასაკში, 2014 წელს გარდაიცვალა. კოლუმბიის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა, მარკესის გარდაცვალების გამო გლოვის 3 დღე გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მარკესი გაზეთის რეპორტიორად მუშაობდა, მან პროფესიას მიუძღვნა ესე: “ჟურნალისტიკა, საუკეთესო საქმე ამქვეყნად”.