„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ.
მისივე თქმით, ენმ პრეზიდენტის მოხსენებაზე არდასწრებით საერთაშორისო თანამეგობრობას უგზავნის გზავნილს.
„გაპროტესტების მიზნით და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ამ საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის საქართველოს დანიშნულ პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოდის.