თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარიძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ხაზარაძეს დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული მუქარის წერილის დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ.
“ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას ასეთი განცხადება და განმარტება არ გაუკეთებია გამოკითხვისას. მან მხოლოდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ განმარტებებს იმის შესახებ, რაც მან გააკეთა საპარლამენტო კომიტეტის დროს და განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან და მოვთხოვთ აღნიშნული წერილის და ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს”, – ამბობს არჩილ ტყეშელაშვილი და დასძენს, რომ ხაზარაძესთან გამოძიებას დამატებითი კითხვები პარლამენტში მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაუჩნდა.
ჟურნალისტების კითხვას – თუ ხაზარაძემ გამოკითხვისას მუქარაზე ისაუბრა, რატომ არ დაინტერესდა ამით პროკურატურა კონკრეტულად გიორგი გახარიას სახელის ხსენებამდე, პროკურორმა კვლავ უპასუხა, რომ ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას უთხრა შს მინისტრის მუქარის წერილის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.