ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც გუშინ ხაზარაძემ ისაუბრა” – ჩუგოშვილი

საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ გუშინ ისაუბრა – ამის შესახებ განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

„გუშინ ძალიან სერიოზული ბრალდებები გაკეთდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაცია, რადგან სხვადასხვა წყაროებიდან სხვადახვა ტიპის კომენტარებსა და ინფორმაციას ვისმენ ამ საკითხზე. ამიტომ, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა წერილზე არის საუბარი. ძალიან სერიოზული ბრალდებაა ნამდვილად. ვნახე ამონარიდი, მათ შორის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული და იქ ცოტა სხვა რამე ეწერა. ამიტომ, ჩემთვის ამ წერილზე მეტი სიცხადეა საჭირო. ბრალდების ავტორებს მოვუწოდებდი, ეს წერილი უნდა ვნახოთ. სხვანაირად, ზეპირად ხმამაღლა ამის თქმამ გუშინ სულ გადაფარა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა. რეალურად, შედეგად ის მივიღეთ, რომ საგანზე საუბრის ნაცვლად მთლიანი დისკუსია წავიდა ამ წერილის გარშემო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რეალურად, არ არის ცნობილი, ეს რა წერილია, როდის დაიწერა, საერთოდ არსებობს, არ არსებობს, ვინ დაწერა, როდის და ა.შ.

„უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო სამსახურებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ვიდრე გამოძიებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რეალურად, რაზე არის საუბარი, რის გამოძიებას ვითხოვთ. პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ ეს წერილი ვნახოთ, საზოგადოებას აქვს ამის უფლება. ასეთი სერიოზული ბრალდებები ოდესაც კეთდება. ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლება აქვს ბრალდებულს, რომ ვისაც ბრალი დაედო ამ შემთხვევაში და ჩვენც, ყველას დანარჩენს, რომ ვნახოთ რომ რაზე არის საუბარი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

იტვირთბა....