“ნაციონალური მოძრაობი” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში მისვლას გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, მათ აქვთ საკუთარი ვერსია, რატომ გახდა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის კარზე მიუღებელი ფიგურა. თუმცა გოცირიძის თქმით, ის ელის ხაზარაძემ თავად ისაუბროს ამ საკითხზე გულწრფელად.
„არავინ წარმოიდგენდა, რომ მათ თავზე ასეთი შავი ღრუბლები ჩამოწვებოდა, არათუ ღრუბელი ჭექა-ქუხილი და მეხებიც ვარდება, როგორც ვამბობთ და აგერ ბანკიდან გაუსვეს 20% წილის მფლობელი ადამიანები, რეალურად საფრთხე დაემუქრა ანაკლიის პროექტს. სხვა პროექტებსაც მიდგნენ, როგორიცაა ლისის ტბის განვითარების საკითხები.
უცბად ეს ადამიანები გახდნენ ივანიშვილის კარზე ყველაზე მიუღებელი და საშიშები. რატომ?-სად დაიწყო რაღაც ინტერესების გადაკვეთა? ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია და გვინდა მათ ილაპარაკონ გულწრფელად,“-ამბობს რომან გოცირიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ოპოზიციამ გაიგოს ბანკის ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის აზრი იმაზე, რა ინტერესები დგას ამ საქმის უკან არის ეს ბანკის ხელში ჩაგდება.
მისივე თქმით, ხაზარაძემ ასევე უნდა თქვას, არის ეს პოლიტიკური დასჯა მისი აქტივობისთვის, თუ ეს არის ანაკლიის პროექტის გაუქმების მცდელობა.
„კარგ შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად არაკვალიფიციური ქმედებები პროკურატურიდან. როდესაც ამხელა საქმის და ამხელა გამოძიების შემდეგ ვიგებთ, რომ თურმე ახლა დგინდება ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი და ვინ იყო დამნაშავე. ამიტომ, ეს ყველაფერი საზოგადოებაში კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის საქმე ეს არის პოლიტიკური საქმე, რომლის უკანაც დგას მკაფიო პოლიტიკური ინტერესი. ჩვენი ამოცანაა ერთად გავარკვიოთ რა ინტერესი დგას ამ საქმის უკან, რა მდგომარეობაშია დღეს გამოძიება,”-აცხადებს ბაქრაძე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატების კითხვებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უპასუხებენ. ისინი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.