ორშაბათს, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, თუმცა სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ იქნება. გვენეტაძეს კომიტეტზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა არც კომიტეტს მიუწვევია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას. მისი განმარტებით, ოპოზიციას შეეძლება, რომ შეკითხვები დასვას.
„ორშაბათს შეუძლიათ, მოვიდნენ ჩვენს კომიტეტში და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან. ნამდვილად ექნებათ ეს შესაძლებლობა. მე ვერ ავყვები შეთქმულების თეორიას. მე მაქვს ერთი განცხადება წინ. ეს არის განცხადება ეროვნული ბანკის და ერთობლივი განცხადება „თიბისი ბანკის“, რომ პრობლემა მოგვარებულია. კონფლიქტი, თუ შეიძლება ერქვას, გადაწყვეტილია. „თიბისიმ“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ „თიბისი“ არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი საფინანსო სისტემისთვის. „თიბისის“ აქციონერებმა ლონდონში მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახასენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტი გაიზიარა და სხდომა ჩაშალა. კობა გვენეტაძემ თქვა, რომ “თიბისი” ბანკის საქმეზე საჯარო განცხადებებმა შესაძლოა, ბიზნესსექტორი, კონკრეტულად კი თავად “თიბისი” ბანკი დააზარალოს. გვენეტაძის არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.