“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ბიზნესმენს შეებრძოლოს და მას დაემორჩილა მთელი სისტემა.
ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებას.
“ჩვენ რასაც ვუყურებთ „თიბისი ბანკის“ საქმეზე და ეს გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო მოსმენაზეც, პოლიტიკური ბრძოლის მიზანმიმართული კამპანიაა. რაიმე სამართლებრივი რომ ჰქონდეთ სათქმელი, ასეთ კლოუნადას არ მოაწყობდნენ, რაც ჩვენ ვნახეთ კომიტეტზე. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ გადაწყვიტა ამჯერად ბიზნესმენს შეებრძოლოს და დაემორჩილა მთელი სისტემა. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა დააკავონ მამუკა ხაზარაძე, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის.
როგორ შეიძლება ვიმსჯელო თუ რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავში. ჩვენ რომ ვიყოთ სამართლებრივ სახელმწიფოში კითხვებზე პასუხები გვექნებოდა. ჩვენ ვართ ივანიშვილის სურვილით მოქმედ რაღაც ინსტიტუტებში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განცხადება გაავრცელა, რომლშიც ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება გრიფით “საიდუმლო“ მიმდინარეობს.
„გამოძიება მიმდინარეობს გრიფით „საიდუმლო“. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებაში.