თამაზ ახობაძეს, რომელიც შენობის წინ შიმშილობდა, იუსტიციის სამინისტრო სამსახურში დააბრუნებს და განაცდურსაც აუნაზღაურებს. ასეთ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო.
“მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.
არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;
– მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი), დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თამაზ ახობაძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობდა. იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. თუმცა, დღევანდელ დღემდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდებოდა.