ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ უნდა მოახერხო, რომ 5 თუ 7 მილიარდი გქონდეს, საზოგადოების ასეთი ნდობა და ეს ნდობა გაანიავო” – ბურჯანაძე ივანიშვილს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა, რომ უმრავლესობის რღვევის პროცესი ვერ შეჩერდება, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების კონსოლიდირება ვერ შეძლო

„ის, რომ უმრავლესობის რღვევა დაიწყო, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ვერ გაჩერდება. ფაქტია ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იშლება. მან ვერ შეძლო ხელისუფლების კონსოლიდირება. როგორ უნდა მოახერხო რომ 5 თუ 7 მილიარდი გქონდეს, საზოგადოების ასეთი ნდობა და ასე გაანიავო ეს ნდობა“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარტიის თავმჯდომარე ასევე არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ გაერთიანდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთა საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ დაკარგონ უმცირესობის სტატუსი. არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთა გაერთიანდეს, იმისთვის, რომ უმცირესობის სტატუსი შეინარჩუნონ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „თიბისი ბანკის“ საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საქმეშიც ბიძინა ივანიშვილის როლს ხედავს.

„ოლიგარქების დამახასიათებელი თვისებაა, რომ მათ მიაჩნიათ, რადგან ბევრი ფული აქვთ ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველაფერი თვითონ უნდა მართონ. ეს არის ამბიცია. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მან ქვეყანა იყიდა, ამაში მას ხელი შეუწყვეს იმ ადამიანებმა, ვინც მიყიდა თავისი ხმა. მას მიაჩნია, რომ მან ფული გადაიხადა იმაში, რომ ახლა აკეთოს ის, რაც უნდა. „თიბისი ბანკი“ ძალიან ძლიერი ინსტიტუციაა. როგორც ჩანს, იქ მართლაც იყო პიროვნული მომენტებიც და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ არავის ჰქონდეს იმის შესაძლებლობა , რომ პოლიტიკაზე , ბიზნესზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....