საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისგან ოფიციალური წერილი არ მიუღია და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ პრემიერი წერილს არ გამოეხმაურა.
„მე ოფიციალური წერილი არ მიმიღია. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მე არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. მინდა გითხრათ, რომ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ „თიბისი ბანკი“, მათივე ინიციატივით მქონდა შეხვედრა“, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, კარგია, რომ ეს სხდომა ტარდება, რადგან კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
„მე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე შეფასება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, არა მხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ მთლიანი ეროვნული ეკონომიკისთვის. ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა გაავრცელეს, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად გვაქვს საქმე. „ეროვნული ბანკის“ მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება მათი მხრიდან. მე გუშინ მქონდა ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ სარეიტინგო მაჩვენებელში. აღსანიშნავია, რომ „ფიჩმა“ ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად დაასახელა ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ჩვენი ფინანსური სექტორი არის ძალიან მდგრადი. ეს არის ფაქტი და დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს. დღეს კომიტეტზე ალბათ, მოვისმენთ თითოეული ადამიანის შეფასებას ამ საკითხზე. მე მივესალმები ამ პროცესს, რომ როცა არსებობს კითხვები, მასზე უნდა იყოს პასუხებიც. რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მივა კომიტეტზე, ესეც არის პროცედურული საკითხი. სებ-ი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მე არ ვარ ამ თემის ექსპერტი, რომ განვმარტო, როდის მივიდეს კობა გვენეტაძე იქ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის თქმით, სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით შეხვედროდნენ მას.