ზუგდიდში მეგრული, სვანური და ლაზური ენების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ ენებს განადგურება ემუქრება და მათი მიზანია, ხელისუფლებისა და სზოგადოების ყურადღების მიპყრობა, პრობლემის მიმართ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იური ღვინჯილიამ livepress-ს განუცხადა, არც მოქმედმა და არც წინამორბედმა ხელისუფლებამ არ ისურვა მეგრული, სვანური და ლაზური ენების დაცვა, შესაბამისად ახლა იძულებული არიან მოთხოვნებს პოლიტიკური ნაწილიც დაუმატონ – – ხელისუფლება დატოვოს „ქართულმა ოცნებამ“.
„ენების პრობლემა არის იგნორირებული და ჩვენც იძულებული ვართ პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდეთ. მე მიმაჩნია, რომ სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის გარეშე ეს და სხვა პრობლემები დარჩება მოუგვარებელი. სამეგრელოში შექმნილია ეთნოკონფლიქტის წინაპირობა“, – განაცხადა იური ღვინჯილიამ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანდათანობით მცირდება ქართველურ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა, რაც ამ ენების განადგურების წინაპირობაა.