ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეტიცია – შეწყდეს მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენება კინოთეატრებში

ქართულ კინოთეატრებში რუსულად დუბლირებულ ფილმების წინააღმდეგ პეტიციასა და ღია წერილს ქართველი კინომცოდნეების გაერთიანება სინეასტი კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად ავრცელებს.

“დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს კინოთეატრები არ ითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 14410 მუხლს, ამავდროულად უგულვებელყოფილია საქართველოს კანონი “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ”, 51-ე მუხლი, რაც გულისხმობს ქართულ კინოთეატრებში ქართული სუბტრიტრებისა და დუბლირების აუცილებლობას თითოეულ ფილმში”, – წერია პეტიციაში.

გარდა ამისა, სინეასტებმა ქართულ კინოთეატრებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს ღია წერილით მიმართეს.

“ბოლო პერიოდში ქართულ კინოთეატრებში განსაკუთრებით გახშირდა რუსულად დუბლირებული ფილმები, ქართული სუბტიტრებისა და დუბლირების გარეშე. ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ერის განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ასეთი სახიფათო მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმები. ამავდროულად, ეს არის მავნებლობა კინემატოგრაფისთვის. ხმის დრამატურგია ფილმის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მისი აღქმისთვის, რის შესაძლებლობასაც ქართული კინოთეატრების გვართმევენ დღესდღეისობით. მსგავსი აქტი შეიძლება ერის დეგრადაციის მცდელობადაც ჩავთვალოთ, განსაკუთრებით პერმანენტული ოკუპაციის ფონზე მეზობელი სახელმწიფოდან. ჯამში კინოთეატრებში არსებული დღევანდელი მდგომარეობა არამარტო პოლიტიკურია, არამედ არის საქართველოს კანონმდებლობის უგულვებელყოფა”, – ნათქვამია ღია წერილში

იტვირთბა....