პლენარულ სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს მიმართა და ლევან მურუსიძეს შეადარა.
„პირველად მახსოვს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ დუმილის უფლება გამოიყენა, როცა იყო პროკურორი. დღეს დეპუტატის დასმულ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიყენა დუმილის უფლება და ჩემ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცა. აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანრი, შთამბეჭდავი გამოსვლა გქონდათ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მის რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. კობახიძემ გოგიჩაიშვილს დეპუტატის სტაჟი შეახსენა და პლენარული სესიის პროცედურული ნაწილის ცოდნა დაუწუნა.
„გადავედით შემდეგ ეტაპზე, დეპუტატების გამოსვლებზე, დამაზუსტებელი კითხვები არ არის გათვალისწინებული თანამომხსენებლის შემთხვევაში. ექვსწლიანი დეპუტატობის სტაჟი გაქვთ და უნდა გახსოვდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ამ წუთებში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს .