ირმა ინაშვილის რეზოლუციას, რომლითაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს, ქართული ოცნების დეპუტატი, ეკა ბესელია უჭერს მხარს.
ბესელია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მორატორიუმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსამართლეების ნაწილი ე.წ. ძალადობრივი რეჟიმის მსახურები იყვნენ.
“მოსამართლე არის მსაჯული, რომელსაც მიწაზე გამოაქვს განაჩენი საქართველოს სახელით. მე მინდა ვკითხო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას, თემიდას თვალები რატომ აქვს ახვეული იცით? სამართლიანობა არ არის აქსესუარი, რომელსაც მოირგებ ისე, როგორც გინდა”, — აღნიშნა ბესელიამ.
დღეს, 21 თებერვალს პარლამენტის სესიაზე რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.
აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და მას მხარს არ უჭერს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო.