ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს” – გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც დღეს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შეხვდა, განაცხადა რომ საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს.

როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას აკავშირებს არა მარტო ეკონომიკა და კულტურა, არამედ ორმხრივი პოლიტიკური კავშირები.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს. საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს – ევროკავშირი, ევროპა „ბრექსითთან“ დაკავშირებით საკუთარ თავში ერკვევა. თქვენ მითხარით, რომ ამ დროს სტრუქტურული დაკავშირება ევროკავშირის სტრუქტურებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაერთიანება შესაძლოა, ძალიან ბევრის მომცემი იყოს და ახლაც არის ბევრის მომცემი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ინტენსიურად ვაკვირდებოდით საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვნახეთ და ვიგრძენით კიდეც, ხისტად მიმდინარეობდა ეს საარჩევნო პროცესი, მაგრამ დიდი კმაყოფილებით ვნახეთ, რომ მაგალითად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ ეს არჩევნები პროფესიონალურად იყო მომზადებული, კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა. ჩვენი იმედი ამაში მდგომარეობს და ვგონებ, თქვენი იმედიც არის, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ეს ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში. პოლიტიკური მოთამაშეები, ისე როგორც ეს დემოკრატიაშია საჭირო, მზად იქნებიან და დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ საქართველოში განახორციელოთ რეფორმების ის დიდი პაკეტი, რომელიც თქვენ დაგეგმილი გაქვთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

იტვირთბა....