პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას შორის კამათი მოხდა.
პოლემიკა “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა, რომ
პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა დავით ბაქრაძეს, ვინ იყო ამის ინიციატორი და რა არგუმენტაციით.
“პროექტს პირველი მოსმენით განხილვის დროს დაემატა საკითხი წინა მოწვევისა და წინის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების შესახებ. წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში, ეს ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ რატომ დაემატა ორი მოწვევის უკანა პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის შესაძლებლობა? მე ვიცი, რომ ეს თქვენი იდეა არ იყო და თუ არ ვცდები, ბატონი ირაკლის შემოთავაზება იყო. რა არის ამის არგუმენტაცია? არ მომწონს მიდგომა, როცა კანონში ჩნდება ჩანაწერი კონკრეტული პიროვნებისთვის. ეს კარგად არ იკითხება! ეს ამ შემთხვევაში ბატონ ბაქრაძეს ეხება. არა მაქვს პერსონალური ემოციები, მაგრამ არ მომწონს, როცა კანონში გაჩნდა ჩანაწერი კონკრეტული პერსონის გამო. მე ვიცი, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ იყო“, – მიმართა ეკა ბესელიამ ანზორ ჩუბინიძეს.
ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძემ უპასუხა და როგორც განაცხადა, საკითხის ინიციატორი თავად არ იყო.
“რაკი ადრესატი მე ვიყავი, გაცნობებთ, რომ საკითხის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. თქვენ იცით, ვინ იყო საკითხის ინიციატორი. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, კანონის გარდამავალ დებულებებში ერთჯერადი რეგულაციები იწერება, განსხვავებით ძირითადი დებულებებისაგან. ეს ყველაფერი პროექტის გარდამავალ დებულებებში იმიტომ წერია, რომ არის ერთჯერადი თავისი ბუნებით და ბუნებრივია, რომ ეს იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს“, – განაცხადა კობახიძემ ეკა ბესელიას საპასუხოდ.
თავის მხრივ, ბესელიამ კობახიძეს ურჩია, რომ “ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“.
“კანონს კარგად რომ ვკითხულობ, კითხვას ამიტომ ვსვამ! მე არ ვიცი, ეს ვისი ინიციატივა იყო! ეს ალბათ, თქვენ იცით, ვისი ინიციატივაც იყო. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ამ არაჩვეულებრივი მიგნების. ამდენ მეცადინეობას ჯობია, პასუხი მივიღოთ კითხვაზე, თუ ვინ იყო ინიციატორი და რატომ“, – მიმართა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.