ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში” – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ  ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება ხდება.

„ის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, ეს არის გაგრძელება იმ პროცესისა რომელიც კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე ვერ მოხერხდა სათანადო რეაგირება ვერც საზოგადოების, ვერც ბიზნესის მხრიდან. უკვე ვღებულობთ სავალალო შედეგს, რაც „თიბისი ბანკის“ და ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში აისახა.

თუ იცით, ვის ეკუთვნის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომლის ღირებულება აღემატება ნახევარ მილიარდ დოლარს და რომელსაც ჰქვია ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის მანგანუმი და მასთან დაკავშირებული ელექტრო-ობიექტები? ეკუთვნის საქართველოს ჩინოვნიკებს. ეს არის ამერიკაში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფაქტობრივად ჩამოართვეს მის მეპატრონეს, დაინიშნა დროებითი მმართველობა ეკოლოგიური ჯარიმების მუქარით და დღეს სხვის ქონებას განაგებენ სხვები და მიირთმევენ ნაღებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განცხადება გაკეთდა ამერიკის კონგრესში, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა მმართველმა ყურიც კი არ შეიბერტყეს.

ვის ეკუთვნოდა „ყაზტრანსგაზი“? ვიტყვით, რომ ყაზახ ინვესტორებს, თუმცა ნურას უკაცრავად. 10 წელიწადია დროებითი ადმინისტრაცია მართავდა და 7 წელი ამ ხელისუფლების მიერ დასმული საკუთარი ნათესაობა და კლანი. შემდეგ თბილისის გაზის სისტემა მიიყვანეს გაკოტრებამდე და მთავრობამ 100 მილიონი დავალიანება ჩამოაწერა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ უმრავლესობას მოუწოდა შეეშვას სახიფათო თამაშს.

„ასეთი სქემებით ხდება, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება და ახლა მიადგნენ „თიბისი ბანკსა“ და იმ პროექტებს, რომლებსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას – შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....