ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ მამალაძის შეწყალებისთვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს

საინიციატივო ჯგუფი –  “დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ მამალაძის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც მიმართვაში დეკანოზის უფლებადამცველები აღნიშნავენ, საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს და მისი საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება დეკანოზის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს”,  – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯგუფი გუშინ შეიქმნა, რომელშიც ადვოკატები და დეკანოზის მეგობრები შედიან.

ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ, რათა არსებული ინფორმაცია მას მიაწოდონ და სწორედ ის იყოს შეწყალების ინიციატორი.

იტვირთბა....