საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მოსამართლეებთან დაკავშირებული ინიციატივაზე საუბრისას, განაცხადა, რომ უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებლიანი არ არის.
გედევან ფოფხაძის თქმით, თუ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეჩერდა, ქვეყანა ძალიან ცუდ სასამართლოს მიიღებს, ამიტომ ფოფხაძე აცხადებს, რომ ცხრა დეპუტატის ინიციატივა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს პარლამენტმა.
„ინიციატორები ვაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი ინიციატივა დაჩქარებული წესით იყოს განხილული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ სრული საფუძველი გვაქვს მოვითხოვოთ დაჩქარებული განხილვა იმიტომ, რომ იმის მერე, რაც ინიციატივა იყო შემოთავაზებული, იუსტიციის საბჭომ კიდევ რვა უვადო მოსამართლე მოუვლინა საქართველოს და მგონია, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ჩვენ ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ. ამიტომ, ლოგიკა დაჩქარებული წესის ცალსახაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ან სამართლებრივად, ღირებულებების დონეზე ან პოლიტიკურად ინიციატივა არ არის სწორი, მას შეუძლია კომიტეტზე ან სესიაზე თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება და ჩვენ მოგვეცეს საშუალება გამოვნახოთ ისეთი სამართლებრივი გზები, რომელიც ამ არასწორ პრაქტიკას შეწყვეტს და მოგვეცეს საშუალება, რომ მართლმსაჯულება იყოს ხალხისთვის, ქვეყნისთვის და არა ერთი ჯგუფისთვის“,- განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის გადავადების ინიციატივა არაკონსტიტუციურია, სხვა შემთხვევაში მას ხელს არ მოაწერდა.
„მე რომ მიმაჩნდეს, რომ არაკონსტიტუციურია ეს ინიციატივა, ხელს არ მოვაწერდი, ან თუ მოვაწერდი ჩავთვლიდი, რომ პოლიტიკური ღირებულება ამის იმდენად მნიშვნელოვანია, თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს არის თუ არა კონსტიტუციური. ჩვენ შეიძლება ვიდავოთ კონსტიტუციურობაზე, მაგრამ რეალურად არის თუ არა არაკონსტიტუციური, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. ჩვენ, დეპუტატებს გვაქვს ვალი ხალხი, ქვეყნის წინაშე და ეს ვალი მდგომარეობს იმაში, რომ უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მართლმსაჯულება იყოს ხალხისთვის. ფორმალურად, უვადოდ შეჩერებაზე არის საუბარი 2024 წლამდე, ეს რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ უვადოდ დანიშვნები შეწყდეს და კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება. პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებელი არ არის“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ და კიდევ რვა დეპუტატმა პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ინიციატივა, გასულ კვირაში წარადგინეს.