ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

C, CE, D და DE კატეგორიის მართვის მოწმობების მფლობელებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი მანქანა, მართვის მოწმობის შეცვლას შეძლებენ

თელავში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ მძღოლები, რომელთაც C, CE, D და DE კატეგორიის მართვის მოწმობები აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჰყავთ შესაბამისი მანქანა, მართვის მოწმობის შეცვლას რამდენიმე თვის შემდეგაც შეძლებენ

მათივე ცნობით, მოქალაქეები დროში შეზღუდული არ არიან და დოკუმენტის აღებას ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეძლებენ.

2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობების შეცვლისთვის მოქალაქეები თელავში, მომსახურების სააგენტოსთან რამდენიმე დღეა, რიგში დგანან.

„მძღოლების უმეტესობას ჰგონია, რომ პირველ მარტამდე თუ ვერ გამოცვლის მართვის მოწმობას, პრობლემები შეექმნებათ. ვინც მუშაობს სატვირთო ან სხვა მანქანაზე, თავისთავად, დროულად უნდა შეცვალოს მოწმობა. რიგში ისეთი ადამიანებიც დგანან, კატეგორია რომ აქვთ და ამ ეტაპზე არ ჰყავთ შესაბამისი მანქანა. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეები დროში შეზღუდული არ არიან, რამდენიმე თვის შემდეგაც შეეძლებათ მოწმობის აღება ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე“, – აცხადებენ სააგენტოში.

2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ პირველ მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის პირველი მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5-წლიანი ვადით გაიცემა.

იტვირთბა....